პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იბარებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მინისტრის დაბარების მიზეზია პასუხების მიღება აქონდროპლაზიის დიაგნოზთან დაკავშირებით.
კერძოდ, დეპუტატი ინტერესდება, ფლობს თუ არა ჯანდაცვის სისტემა ინფორმაციას, საქართველოში მცხოვრებ რამდენ მოქალაქეს აქვს დასმული აქონდროპლაზიის დიაგნოზი და აქვთ თუ არა მათი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები შესწავლილი. ასევე, იგეგმება თუ არა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანა და პაციენტების ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა.
ცნობისათვის: აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.