„ყველა ეუბნება არას რუსულ კანონს, მარტო ხართ ამ კანონთან, რუსულ კანონთან და ამას ამართლებთ. როდესაც ამბობთ, რომ პირველი მოსმენით მიიღებთ მარტო, ზუსტად, ამ პირველ მოსმენაშია თქვენი სისუსტე“ - ამ სიტყვებით მიმართა „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ჯგუფის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტები მოქალაქეების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„ერთი საათის წინ დაწერა ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებს, ქალებს და შეზღუდული შესაძლებლობების პირებს იცავს და ყველა კარგად ვიცნობთ, რომ ქუჩაში უკვე მომაძახეს ეს სახელია (აგენტი) და ისეთი განცდა მქონდა, რომ იარლიყი მაქვს უკვე მოკრული და ტყვიასაც დამიმიზნებენო. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ არის ამ ხალხის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? უკვე დღეს რომ გაწირეთ მათი უსაფრთხოება! ვინ აგებს ამაზე პასუხს?! წეღან წამოცდა ბერაიას, რომ ამ კანონპროექტმა გააკეთა უკვე თავის საქმეო. სწორედ ეგ გინდოდათ. მისი ინიცირებაც კი, უკვე ამ პროცესში საზოგადოების შეთრევაა. თქვენ გინდათ, რომ ორად გახლიჩოთ საზოგადოება - ერთი მეორეს აგენტს დაუძახებს და პირველი მეორეს მოღალატეს. ამაში გინდათ, რომ შეითრიოთ ქართული საზოგადოება. ზუსტად გითხრათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში საგანგებოდ იმყოფება, რომ ეს არის რუსული საქმის და არა საქართველოს ინტერესების გატარება. მეტი რა ღია ტექსტით უნდა გითხრან?“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.