საფრანგეთში მიმდინარე ჩოგბურთელ ქალთა გრანდ სლემზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
„როლან გაროსის“ ტურნირის ნახევარფინალისტთა შორის სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა მსოფლიო რეიტინგში 351-ე ადგილზე მყოფი, ტურნირზე ველური ბარათით დაშვებული ფრანგი ლუა ბუასონი, რომელიც შარშან მაისში მიღებული ტრავმის შემდეგ კორტს თებერვალში დაუბრუნდა.
ცნობილი ფრანგი კალათბურთელის, იან ბუასონის ქალიშვილმა, 22 წლის ლუა ბუასონმა, მეოთხედფინალში გასვლამდე, სხვებთან ერთად მსოფლიოს 24-ე ჩოგანი, ბელგიელი ელიზა მარტენსი და მე-3 ჩოგანი, ამერიკელი ჯესიკა პეგულა დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუსების ამომავალ ვარსკვლავს, მსოფლიო მე-6 ჩოგანს, 18 წლის მირა ანდრეევს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ბუასონი 3:5 აგებდა, როცა ანგარიშის გათანაბრება და ტაი-ბრეიკზე მოგება შეძლო, მეორე სეტში კი მან 0:3-დან შეძლო ზედიზედ ექვსი გეიმის მოგება.
ფრანგი მიმომხილველების თქმით, ანდრეევა ისე არიგებდა ქულებს, როგორც შობის დროს საჩუქრებს არიგებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს ფრანგის დამსახურებულ გამარჯვებას.
ნახევარფინალში ლუა ბუასონი ამერიკელ კოკო გაუფს (N2) შეხვდება.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ბელორუსი არინა სობოლენკო (N1) და პოლონელი იგა სვიონტეკი (N5) შეხვდებიან ერთმანეთს.