საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნაწილი გამთენიისას ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიო თასზე წარმატებით მოასპარეზე ბორჯღალოსნებს გულშემატკივრები დახვდნენ.
ერთ-ერთი ბორჯღალოსანი, მერაბ შარიქაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები 2019 წლის იაპონიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატიდან ჯგუფიდანაც გავა.
„ჩვენს დასახულ მიზანს - 2 თამაშის მოგება, ასე თუ ისე მივაღწიეთ. ბოლო თამაშით, არ მგონია, კმაყოფილები ვიყოთ არც ჩვენ მოთამაშეები და არც გულშეატკივრები. რიგი მიზეზებია თუ რატომ ვერ შევძელით სასურველი ანგარიშით მოგება, თუმცა ნათქვამია, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. მიზანი მიღწეულია, 2 თამაში მოვიგეთ და ახლა უკვე იმედი მაქვს შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთ ვიასპარეზებთ და იქნებ ჯგუფიდანაც გავიდეთ“, - განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად აქვს შანსი საქართველოს 6 ერში მოხვედრის, ”ბუკამ” აღნიშნა:
„ამ თემაზე იყო საუბარი. ყველაზე აქტიურად ზელანდიასთან თამაშის შემდეგ დაიწყეს საუბარი, რადგან დამაკმაყოფილებლად ვითამაშეთ. თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, არ მგონია ეს ჯერ დაუშვან“.