ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ტურისტული პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

 „დღეს, დიდი ისტორიის მქონე, ულამაზეს სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაულს ვზეიმობთ. ამ ადგილს განსაკუთრებულობას სძენს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მტირალას ეროვნული პარკი. ჩვენი რეგიონი გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი ისტორიით, ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით, არამედ მრავალფეროვანი ბუნებითაც. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ აჭარის თითოეული მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შეამცირებს მიგრაციის პროცესს.  დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

 ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და კულინარიული მასტერკლასი.