სამტრედიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ოთხი ძირითადი მდინარისა და არხის — ლოღობის, ჭურთავას, ფერჩხულას და ეწრის დამშრობი არხის გაწმენდისა და გაფართოების მასშტაბური სამუშაოები. მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან ერთად გაეცნო.
წლების განმავლობაში, ძლიერი ნალექებისა და უამინდობის დროს, სწორედ ამ არხებიდან და მდინარეებიდან წამოსული წყლის ნაკადები სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ხშირი დატბორვები ზიანს აყენებდა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე ინფრასტრუქტურას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად აღმოიფხვრება და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით.
მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში შეიქმნება თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.