ბრატისლავაში გრძელდება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.

დღეს, ბრატისლავაში, თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე შეჯიბრებაში ჩაებნენ 70-74-97-125კგ წონითი კატეგორიებში მოასპარეზეები.

ერთობ დრამატული გამოდგა 97 კგ წონით კატეგორიის მეოთხედფინალური ორთაბრძოლა კონსტანტინე პეტრიაშვილს და როდიონ სანაკოევს შორის. შეხვედრის დასრულებამდე 55 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 5:5 იყო და დამატებითი მაჩვენებლებით პეტრიაშვილი იგებდა, მან ილეთი წამოიწყო, სანაკოევმა თავი დაიცვა და საპასუხო შეტევით ორი ქულა აიღო. შეხვედრის მიწურულს სანაკოევი ორქულიან ილეთს ხალიჩიდან გაქცევით აერიდა და მსაჯებმა პეტრიაშვილს ერთი+ერთი ქულა მისცეს. 7:7 უკვე სანაკოევს აძლევდა ხელს და ქართველი მოჭიდავის მწვრთნელმა  მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა იმ იმედით, რომ ჟიური ორი+ერთი ქულით შეაფასებდა მომენტს. იმედი არ გამართლდა, უსაფუძვლო პროტესტის გამო ქულა სანაკოევს დაუმატეს და პეტრიაშვილმა ისევ სცადა შეტევა. ზედ ბოლო წამზე მან ილეთი თითქოს დაასრულა და მსაჯებმა მცირე თათბირის შემდეგ პეტრიაშვილს ორი ქულა მისცეს. თუმცა, ამჯერად საქმეში სანაკოევის მწვრთნელი ჩაერია და გადაწყვეტილება გააპროტესტა.

საბოლოოდ, ჟიურიმ ორი ქულა გააუქმა (გაურკვეველი დარჩა, ილეთი არ ჩაითვალა, თუ დრო იყო გასული, სავარაუდოდ - პირველი) და პეტრიაშვილი 7:8 დამარცხდა.

შეხვედრის მსვლელობა:
პირველი პერიოდის მეორე წუთზე პეტრიაშვილმა 2 ქულა სანაკოევისთვის ჩართულ 30-წამიან დროში აიღო და 3:0 დაწინაურდა, ამ უკანასკნელმა პირველ პერიოდში მხოლოდ ქულის აღება შეძლო. მეორე პერიოდის დასაწყისშივე პეტრიაშვილმა ფეხში შესვლა სცადა, სანაკოევმა თავი დაიცვა და კონტრშეტევით ანგარიში გაათანაბრა.  მალე მან კიდევ ერთი კონტრშეტევის დროს ორი ქულა აიღო და 5:3 დაწინაურდა. პეტრიაშვილმა ანგარიში მეორე წუთის დაწყებიდან 10 წამში გაათანაბრა

70 კგ წონაში ზურაბ აბალაკი ამერიკელ ლენდონ ტეილორ რობიდოსთან 1:12 დამარცხდა.

74 კგ წონაში კობა გოგუაძემ ინდოელ ადარშ იუვრაჯ პატილთან 7:10 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

125 კგ წონაში აბრამიშვილი 1/4 ფინალში ამერიკელ დრეშონ ტირიკ როსთან 0:12 დამარცხდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა აბალაკი, პეტრიაშვილი და აბრამიშვილი რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს 92 კგ წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ყურაშვილი ირანელ ირანელ აბოლფაზლ იასერ რაჰმანი ფირუზჯაისთან  იჭიდავებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ