რუმინეთთან ამხანაგური მატჩის წინ, გურამ კაშიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი  გააკეთა. 

„კვარას განსაკუთრებული პიროვნული ხასიათი აქვს, უმაგრესი ადამიანია. გუნდში, ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც კვარაა, ვარსკვლავები, სპეციფიკური ხასიათი აქვთ და ბევრი ისეთი თანაგუნდელი მყოლია, ვისთანაც პრობლემა შემქმნია, როგორც კაპიტანს. კვარა არის ძალიან თავმდაბალი, ძალიან პროფესიონალი და ძალიან მაგარი ადამიანი. მისი ხელმძღვანელობით ძალიან მაგარი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება ჩვენს ნაკრებს. რაც შეეხება საფეხბურთო თვისებებს, ზედმეტია ჩემი სიტყვები, იმიტომ რომ არის ევროპაში საუკეთესო მოთამაშე. 

თვითონაც უნდა გაითავისოს, რომ არის უდიდესი ფეხბურთელი და არის ქართველი. ყველამ უნდა ვიამაყოთ კვარათი, იმიტომ რომ ეს არის მართლაც საოცარი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. რა თქმა უნდა, მეამაყება, რომ მასთან ერთად ვითამაშე, წარმატებას მივაღწიე, მაგრამ როგორც ფეხბურთელი, მისი დიდი ფანი ვარ. საფრანგეთის ჩემპიონატს არ ვუყურებდი და ახლა ყოველ შაბათ-კვირას ველოდები, როდის ვუყურებ, კვარას გამო. კვარასნაირი ძალიან ცოტა ფეხბურთელია დღეს მსოფლიოში“, - აღნიშნა გურამ კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ვეტერანი მცველი საქართველოს ეროვნულ გუნდში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში თავი საგოლე მოქმედებით გამოიჩინა.