რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა. ახლად გახსნილ განყოფილებაში ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები. პატარა პაციენტებისთვის ადგილზეა უზრუნველყოფილი ისეთი მაღალტექნოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) ტომოგრაფია. აღნიშნული აპარატურა სრულად არის ადაპტირებული ბავშვთა საჭიროებებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებზე ადაპტირებული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ულტრათანამედროვე აპარატურა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარა პაციენტებისთვის. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო განაგრძობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებას, რათა მოსახლეობამ მაღალი ხარისხის მომსახურება ადგილზევე მიიღოს. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ვითარდება და რეგიონს ისეთ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს, რომელთა მისაღებადაც პაციენტებს წლების განმავლობაში დედაქალაქში გამგზავრება უწევდათ. ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე სრულად ფუნქციონირებს პედიატრიული გადაუდებელი დახმარების სერვისი და მიმღები განყოფილება, რომელიც უწყვეტი – 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული მიმართულების განვითარება კვლავაც გაგრძელდება. სამომავლო გეგმების ფარგლებში უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება.
ახალი ინფრასტრუქტურა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.









