ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო, რადგან თითოეული ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე - დანარჩენი ხვალ ვნახოთ, - ამის შესახებ ქართველმა მოჭიდავემ, გივი მაჭარაშვილმა პირველ არხთან განაცხადა.

„ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო, იმიტომ რომ ყველა სათითაოდ, თითოეული ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე. დანარჩენი ხვალ ვნახოთ",-  ამბობს გივი მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, ქართველი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია.

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავა. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით  5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.

სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ფინალი  11 აგვისტოს გაიმართება.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, ის  ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეხვდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.