გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ კარის დარაჯი რჩეულებში ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
გამარჯვებული არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესი (167 ქულა) გახდა, მეორეზე ესპანეთის ნაკრებისა და „ბილბაოს „ატლეტიკის“ პირველი ნომერი უნაი სიმონია (91 ქულა), ხოლო გიორგი მამარდაშვილმა მესამე ადგილი 55 ქულით დაიკავა.
საქართველოს ნაკრების მეკარისთვის 2024 წელი გამორჩეული გამოვიდა. მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ „ჯვაროსნებმა“ საბერძნეთთან პენალტების სერია მოიგეს და ევრო 2024-ზე გავიდნენ, სადაც შესანიშნავად ითამაშა და რამდენიმე გამოცემამ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
შედეგად, გიორგი 35 მილიონ ევროდ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, „ლივერპულში“ აღმოჩნდა და ქართული ფეხბურთის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. ამას გარდა, მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც პორტუგალიელ დიოგო კოშტასთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.