ტირანაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა ფინალური შეხვედრები 57-63-77-87-130კგ წონით კატეგორიებში
57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვახტანგ ლოლუა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს ემინ სეფერშაევთან 1:2 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
77 კგ წონაში ვერცხლის მედალს დაეუფლა რამაზ ზოიძე. მან ფინალი 1:1-ზე დათმო სომეხ მალხას ამოიანთან.
მალხას ამოიანმა რამაზ ზოიძე შარშან ევროპის პირველობაზე 3:1 დაამარცხა. სულ მას ევროპის ჩემპიონატი 5-ჯერ აქვს მოგებული ექვსი ფინალიდან. ერთადერთი მარცხი მას 2021 წელს 72კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში შმაგი ბოლქვაძემ აწვნია.
დღევანდელი ფინალები ასევე მოიგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ:
63კგ - სერგეი ემელინი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
87კგ - ტურპალ ალი ბისულტანოვი (დანია)
130კგ - რიზა კაილაპი (თურქეთი)
რიზა კაილაპმა ლეგენდარული რუსი მოჭიდავის, ალექსანდრ კარელინის, რეკორდი დაამხო და მეცამეტედ გახდა ევროპის ჩემპიონი. სულ იგი 15-ჯერ იყო ფინალისტი.
ხვალ ოქროს მედლისთვის იური ლომაძე (72კგ) იჭიდავებს, ხოლო დიეგო ჩხიკვაძე (67კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდებიან.




