სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

“სწორედ ეს ადგილები, შინდისის მიწა ინახავს რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უთანასწორო ბრძოლის ისტორიას, სადაც 17-მა ახალგაზრდა გმირმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, აჩვენა საქართველოს ერთიანობის და ღირსების დაცვის გამორჩეული და მარადიული მაგალითი. სწორედ ეს თავდადება გვავალდებულებს, რომ დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა, აღვასრულოთ საქართველოს ყველა ეროვნული მიზანი, შერიგებით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და მშვიდობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ერთიანი ძლიერი და თავისუფალი საქართველო იქნება ჩვენი გმირების ხსოვნის საუკეთესო დაფასება, რომლებმაც სამშობლოსა და საკუთარი ღირებულებების მიმართ ერთგულება, სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს. მსურს, თანაგრძნობა გამოვუცხადო ოჯახებს და პატივისცემა დავუდასტურო მათ,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.