აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შინდისის გმირების თავგანწირვა სამშობლოს სიყვარულის,  ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის და  პატრიოტული სულისკვეთების სიმბოლოდ რჩება.

 „ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ შინდისის გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტისთვის. ერთი მხრივ, დღევანდელი დღე ტრაგიკული და ძალიან მძიმეა, თუმცა, მეორე მხრივ, გული სიამაყითა და ღირსებით ივსება. მათი თავგანწირვის მაგალითზე იზრდება ახალი თაობა და ეს ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა.

 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო, მათ შორის ორი მებრძოლი აჭარიდან შეეწირა.