კეიპტაუნში, „ატლონის" სტადიონზე, დასრულდა 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მეცხრე ადგილისთვის.

უმცროსი ასაკის „ბორჯღალოსნების" მეტოქე იტალიის ნაკრები იყო.

შეხვედრის პირველი ნახევრის თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ბურთს იტალიელები აკონტროლებდნენ, თუმცა მათ მხოლოდ საწყის წუთებში, საჯარიმოდან შეძლეს 3 ქულის მოპოვება, ქართველების პირველივე შეტევა კი ლელოთი დასრულდა (გიორგი გერგედავა) და „ბორჯღალოსნები" 5:3 დაწინაურდნენ.

35-ე წუთზე იტალიელებმა ისევ მოიპოვეს საჯარიმოს დარტყმის უფლება და ზუსტად დარტყმის შემდეგ ერთი ქულით დაწინაურდნენ.

პირველი ტაიმის გაწითლებულ დროში „ბორჯღალოსნებმა" მეორე ლელო დადეს (თემურ წულუკიძე), ზუსტად გარდასახეს (ლუკა ცირეკიძე) და ტაიმი 12:6 მოიგეს.



შეხვედრის მე-60 წუთზე ნუგზარ ქევხიშვილის ლელოს და ლუკა ცირეკიძის გარდასახვის შემდეგ „ბორჯღალოსნები" 19:6 დაწინაურდნენ.



66-ე წუთზე ლუკა კეშელავამ მორიგი ლელო დადო - 24:6.

70-ე წუთზე იტალიელებმა ლელო-გარდასახვით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს 11 ქულამდე შეამცირეს.

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატები 2008 წლიდან ტარდება. დღემდე გამართულ 12 ჩემპიონატიდან სამ-სამჯერ გამარჯვება ახალმა ზელანდიამ და სამხრეთ აფრიკამ იზეიმა, ორჯერ ინგლისმა, თითო-თითოჯერ კი უელსმა, ირლანდიამ საფრანგეთმა და არგენტინამ.

საქართველო 2016 წლიდან დღემდე გამართულ ხუთივე ჩემპიონატში მონაწილეობდა. მან 2016-2017 და 2019 წელს მე-10 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, 2018 წელს მე-9 იყო, 2023 წელს კი ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა.

2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრების შედეგები:

მეთერთმეტე ადგილისთვის
ესპანეთი - ფიჯი 19:19(5:14,14:5), დამატებით დროში 24:19

მეცხრე ადგილისთვის
საქართველო - იტალია 24:13(12:6)

მეშვიდე ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - უელსი 47:31(19:5)

მეხუთე ადგილისთვის
არგენტინა - ავსტრალია 14:6(5:3)

მესამე ადგილისთვის
ახალი ზელანდია - ირლანდია 38:24(5:12)

პირველი ადგილისთვის
ინგლისი - საფრანგეთი 21:13(7:6)

ბოლო განახლდება 22:48