თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.
აღნიშნულს არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებს მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვა არ უცდიათ, აქედან გამომდინარე, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
ბრალდებული ექვს პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.
უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეების კუთვნილ, დაახლოებით 3 170 000 ევროს. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე.