არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ადასტურებს, რომ გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, მაგრამ, აცხადებს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რამაც გამოიწვია პუტინის, დუგინის და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში, მათ შორის ინტერნეტ სივრცეებში, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობთ მაიდანს საქართველოში. მოდით, ერთად შევხედოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში და, რასთან გვაქვს საქმე. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის პირველ არხზე პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოც კი. საუბარია, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში. ეს უკანონობა დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან. საპყრობილეში დღემდე 50-ზე მეტი ადამიანი რჩება და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპაშს, მათ საქმიანობას, სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმულნი, სწორედ ამ ძალებზეა საუბარი.
საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს, ამაში მათ ეხმარება პროპაგანდისტული მედია და მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, რუსული ტელევიზიის ნარატივს. ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს დამონტაჟებულ ფალსიფიცირებულ მასალას და არავის გასჩენია კითხვა, იქნებ ეს არის მონტაჟი. და ეს არ გიჩენთ კითხვას, რატომ არ გასჩენია არავის ეს კითხვა? ვინმემ ჩემი ხმა მოისმინა? თუ მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს ვუსმენთ და არა იმ თარგმანს, რომელიც არის ვითომ თარგმანი. სამწუხაროა, რომ ქართული პროპაგანდისტული მედია ასევე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გუშინ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების კომენტარებიც ვნახე, რომლებიც ფაქტის გადამოწმების გარეშე იმეორებენ ამ მესიჯებს“.