თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "პოლიტიკური განათლების სკოლის" კურსდამთავრებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „პოლიტიკური განათლების სკოლა“ სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულია და უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 120-ზე მეტმა მონაწილემ წარმატებით სწავლა დაასრულა. წელს პროექტში საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ცოდნა და გამოცდილება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა გაუზიარეს.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„თქვენ უკვე გაქვთ ის პოლიტიკური კულტურა, რაც სჭირდება ახალგაზრდა პოლიტიკოსს. ასეთი წამოწყებები ძალიან კარგი საშუალებაა, რომ თქვენნაირი გულანთებული ახალგაზრდები ჩაერთონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, ჩვენ გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ და სხვა მსგავს აქტივობებში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებმა მოკლედ შეაჯამეს პროექტის შედეგები და ყველაზე აქტიური სამი მონაწილე- მარიამ სოხაძე, ლილუ ჩხარტიშვილი და მარიამ კომახიძე სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება ყოველთვის ქვეყნის წინსვლის გარანტი იყო. იმედი მაქვს, რომ თქვენ იქნებით კიდევ უკეთესები, ვიდრე იყო წინა თაობა და სულ ასეთი სწორი გზებით ივლით“, - ასე მიმართა პროექტის მონაწილეებს თსუ პროფესორმა, მალხაზ მაცაბერიძემ.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკური იდეოლოგიები, სახელმწიფოს წარმოშობისა და საჭიროებების საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლები, დეზინფორმაციის პოლიტიკა და სხვა. პროექტს მხარს უჭერს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

შემეცნებით-საგანმანათლებლო და სპორტულ-კულტურულ სტუდენტურ პროექტებს თსუ ბიუჯეტი აფინანსებს. მიმდინარე წელს ამ პროექტებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 850 ათასი ლარი გამოიყო. კონკურსი წლის განმავლობაში სამჯერ ცხადდება. 2023 წელს უნივერსიტეტმა უკვე 200-მდე სტუდენტური პროექტი დააფინანსა.