„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრების კრიტიკის პარალელურად, დღეს, ყოფილი თანაგუნდელი, ირაკლი თავდგირიძეც გააკრიტიკა და მას „გაყიდულ ადამიანი“ უწოდა.
25 სექტემბერს, გახარიას ყოფილი თანაგუნდელი ირაკლი თავდგირიძე, ბათუმის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მან ამ თანამდებობაზე, ირაკლი ჯინჭარაძე ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ დელეგატი და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეექვსე ნომერია.
ბექა ლილუაშვილი ირწმუნება , რომ ირაკლი თავდგირიძემ ვერ გაუძლო ცდუნებას და მერკანტილური ინტერესები ამჯობინა ღირსებას.
„ირაკლი თავდგირიძე წარმოადგენს გაყიდულ ადამიანს, რომელმაც ფაქტობრივად, თავისი ღირსება ანაცვალა მერკანტიულ ინტერესებს და დღეს საკრებულოს თავმჯდომარეა, პრაქტიკულად. მე არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ფსევდო თავდგირიძეები არიან. ვსაუბრობ კეთილსინდისიერ ადამიანებზე“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა ლილუაშვილს ჰკითხა, რას გულისხმობდა „მერკანტიულ ინტერესებში“, გახარიას პარტიის წევრმა, ირაკლი თავდგირიძესთან დაკავშირებით, უფრო მწვავე განცხადებები გააკეთა.
„თქვენ იცით რის საფუძველზე დატოვა თავდგირიძემ პარტია? რაღაც ცდუნებას ვერ გაუძლო, ეტყობა. ან, ზეწოლას ვერ გაუძლო“,-განაცხადა, ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ირაკლი თავდგირიძემ, რომელმაც მის ყოფილ თანაპარტიელს, მმართველ გუნდში ყოფნა შეახსენა, ხოლო მის განცხადებებს „პატარა, სამარცხვინო ბიჭის განცხადება“ უწოდა.
„ბატონ ლილუაშვილს, დღეს რომ ახსენდება ანზორ ბოლქვაძე, გია ჭყონია, მითუმეტეს რამაზ ჯინჭარაძე, ცოტა უხერხულია, რადგან მისი თანაგუნდელები იყვნენ და არასდროს პრეტენზია არ გასჩენია. ეს არის პატარა, სამარცხვინო ბიჭის განცხადება, რომელსაც პოლიტიკური არგუმენტი არ გააჩნია და პოლიტიკას აგებს ჭორიკნობაზე. დარწმუნებული არიან, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ, დადიან პატარა ბიჭებივით და რაღაცებს ჭორაობენ.
ვერ მივართვით, როგორც რუსთავში ისე ბათუმში ნაცებთან ქორწინება. ძალიან კარგად ხედავენ, რომ ბათუმის ბიუჯეტი ყოველდღიურად იზრდება, ქალაქი ვითარდება და ამ ფონზე, ვერანაირი დივიდენდი რომ ვერ დაიწერეს, გადასულები არიან ჭორაობაზე“,-განაცხადა, ირაკლი თავდგირიძემ.