ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2024 წლის 18-27 ივნისს გაიმართა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების რეგიონული სასწავლო პროგრამა - “REACT”, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას ეროვნულ და საერთაშორისო სისხლის სამართალში.

სირაკუზის ინსტიტუტი წარმოადგენს ავტორიტეტულ კვლევით, საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთაშორისო და შედარებითი სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში. სირაკუზის ინსტიტუტი, როგორც გაეროს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი, 50 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სპეციალიზებულ კურსებს, სამეცნიერო თუ კვლევით პროექტებს ტრანსნაციონალური საფრთხეების და საერთაშორისო დანაშაულების დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დასაცავად.  

საქართველოში პირველად განხორციელებული პროექტი - “REACT”, წარმოადგენს სირაკუზის ინსტიტუტის ინიციატივით შექმნილ საპილოტე სასწავლო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები და პროკურორები. ორ კვირიანი ტრენინგების ფარგლებში მათ მიიღეს პრაქტიკული ცოდნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკურობასთან დაკავშირებით.  

ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებს ტრენინგები ჩაუტარეს დარგის უცხოელმა ექსპერტებმა, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა - ალისა ზაგომ; ნიდერლანდების ეროვნული პროკურატურის პროკურორმა - ანნა ვან დორენმა; გერმანიის ფედერალური პროკურატურის პროკურორმა - პიტერ-მაიკლ გაედეკემ; კოსოვოს სპეციალური პროკურატურის ოფისის ოფიცერმა - სარა კოკილომ; საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უფროსმა - პოლკოვნიკმა ტიბო ფრიცმა; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის მრჩეველმა ჯული ანდრემ; საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა - ფილიპ ტრევიტმა; ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჯოზეფ პაუდერლიმ და ლარისა ვან დენ ჰერიკმა; საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა - გივი ბაღდავაძემ და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ.  

ტრენინგების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ომის, გენოციდის, აგრესიისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში სხვადასხვა სახის მტკიცებულების გამოყენების მარეგულირებელი წესები, მათი დასაშვებობის კრიტერიუმები; საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვისთვის ძირითადი სტანდარტები და ინსტრუმენტები; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოებში მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხი; სექსუალური და გენდერული ძალადობის შემთხვევებში მტკიცებულებათა შეგროვების განსაკუთრებული წესები; საქართველოს შიდა სამართალში არსებული გამოწვევები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით; საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების მნიშვნელობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სისხლისსამართლებრივ დევნაში.

საქართველოში სასწავლო პროგრამა განხორციელდა თსუ-სა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოაწერეს თსუ-ის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სირაკუზის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჟან-ფრანსუა ტონიმ. თსუ-ის მხრიდან სირაკუზის ინსტიტუტთან თანამშრომლობას ახორციელებს იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი. სასწავლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყვნენ სირაკუზის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ფილიპო მუსკა, ინსტიტუტის თანამშრომლები აშოტ აგაიანი და კაროლინა სეგუინო, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომელი რუსუდან ცაგარელი და დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე, რომლის სირაკუზის ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტისას დაიგეგმა ზემოაღნიშნული ღონისძიება. თსუ-სა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება კვლევითი, საგანმანათლებლო, სასწავლო და აკადემიური აქტივობების განხორციელება.