ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და კანცლერმა ლაშა საღინაძემ თსუ მე-3 და მე-5 კორპუსებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში თსუ მე-3 სასწავლო კორპუსში მიმდინარეობს შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები, დაირგვება ხეები, შეკეთდება ღობე, შეიცვლება კარები. სამუშაოს დასრულების შედეგად მოეწყობა სოციალური სივრცეები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
თსუის მე-5 სასწავლო კორპუსის სამივე სართულზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, შეკეთდება აუდიტორიები, მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა; კორპუსის შიდა ეზოში მოეწყობა სოციალური სივრცე სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის.
ორივე ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 200 ათას ლარამდე დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.