თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, სამართლის, ეკონომიკისა და ეკლესიის ისტორიის საკითხებზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ცნობილი ქართველი ისტორიკოსების, პროფესორების ნოდარ შოშიაშვილისა და გივი ჯამბურიას 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები, ნოდარ შოშიაშვილისა და გივი ჯამბურიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
„ჩემთვის სასიამოვნოა ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც ეხება სტუდენტურ მეცნიერებას და ეძღვნება ისეთ დიდ ქართველ ისტორიკოსებს, როგორებიც იყვნენ ნოდარ შოშიაშვილი და გივი ჯამბურია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები იზრდებიან იმ ტრადიციებზე, რომელიც მათ დაგვიტოვეს“,- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა. მისი თქმით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და საკმაოდ აქტუალურ საკითხებს ეხება. „მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები ასეთ საინტერესო თემებს არიან შეჭიდებულნი. მათ მიგნებებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს ლექციებში“,- განაცხადა ვიცე-რექტორმა.
როგორც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, ნოდარ შოშიაშვილი და გივი ჯამბურია გამორჩეული იყვნენ თავიანთი შრომებითა და კვლევით. „ისინი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქმნიდნენ იმ გარემოს, იმ აკადემიურ სივრცეს, რომელიც ამ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე იყო. მიხარია, რომ სტუდენტური კონფერენციის თემატიკა ასეთი მრავალფეროვანია. უნივერსიტეტი ყველანაირად უწყობს ხელს მეცნიერების გაახალგაზრდავებას და სტუდენტების ჩართვას მეცნიერებაში“,- განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „შუა საუკუნეების საქართველო“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციაზე წარმოდგენილია შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, სამართლის, ეკონომიკისა და ეკლესიის ისტორიის საკითხები. მათ შორის, XI საუკუნის სამეფო ოჯახში არსებული დაპირისპირებები; XI-XII საუკუნეების საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები; ვიკინგები საქართველოს ისტორიაში; სამართლისა და ეკლესიის ისტორიიდან, აღსანიშნავია, სიკვდილით დასჯის საკითხი შუა საუკუნეების საქართველოში; „ჴელმწიფის კარის გარიგებაში“ წარმოდგენილი ერთ-ერთი მუხლის შესახებ, რომელიც კათალიკოსებს შეეხება და სხვა საინტერესო მოხსენებები.