ბოლო დროს, სოციალური ქსელი მოიცვა ციხისჯვრის პატარა მონასტერთან დაკავშირებულმა ინფორმაციებმა, აქ დაცული სიწმინდეების და რწმენით მასთან დაკავშირებული ადამიანების ისტორიებმა. "აიპრესი" შეეცადა, ადგილზე ენახა ადგილი, რომელიც ულამაზეს ბუნებასთან ერთად, საოცარ სითბოს ასხივებს, ხოლო მის უკან ისტორია დგას: 

ციხისჯვრის წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეშიბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში, სოფლის ცენტრში, ამაღლებულ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს, რომელსაც სამი მცხრიდან მდინარე უვლის. ბორცვზე განლაგებულია ნაგებობათა ჯგუფი: ციხის კედლების ფრაგმენტები, ბერძნების მიერ 1861 –1875 წლებში აგებული წმ. თევდორეს ეკლესია და სამრეკლო. წმ. თევდორეს ეკლესია ქართული ტაძრის ადგილზეა აგებული. ნაგებობა დარბაზული ტიპისაა და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. ტაძარი ნაგებია დაუმუშავებელი ქვით. თლილი ქვა მხოლოდ შენობის კუთხეებისა და ღიობების გასაფორმებლადაა გამოყენებული. ეკლესიის ინტერიერი შელესილია. დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა მოწყობილი, რომელსაც დარბაზიდან ასასვლელი ხისავე კიბე აქვს. საკურთხეველი დარბაზიდან XX საუკუნის დასაწყიში შესრულებული მაღალი იკონოსტასითაა გამოყოფილი. ტაძარს ინტერიერისკენ დახრილწირთხლებიანი ათი სარკმელი აქვს, სამ-სამი გრძივ კედლებშია განთავსებული, ორი - საკურთხეველში, ორი კი, დასავლეთ კედელზე. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, იგი პორტალითაა გაფორმებული. შესასვლელის თავზე თლილი ქვის რელიეფური ჯვარია გამოსახული, რომლის ჰორიზონტალურ მკლავებს შორის განთავსებულია ბერძნული წარწერა. შესასვლელის მარცხენა მხარეს, ქვედა ნაწილში, წყობაში ჩაყოლებული ძველი ქართული ეკლესიის ჩუქურთმის ფრაგმენტი.

2012 წელს მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით აიგო და ერთ წელიწადში იკურთხა.

 ვიდრე ტაძარში სიწმინდეს მიეახლებით, დედა ნატალიას იხილავთ, რომელიც რწმენით მისულ გულებს ნუგეშის მომცემი სიტყვებით მასპინძლობს. ჰყვება სასწაულებზე, რომელსაც მამა გაბრიელის სარტყელი, მირონმდინარე ხატი და შესამოსელი ახდენს.

ლუსკუმაში დევს მამა გაბრიელის ანაფორა, ოლარი, რომლითაც ღვთისმსახურებს, მამა გაბრიელის საფლავზე, რამდენიმე ათასი პარაკლისი აქვთ გადახდილი.

იქვე დევს სარტყელი, რომელსაც წელზე გაიკეთებთ, წაიკითხავთ ლოცვას და მამა გაბრიელს შემწეობას თხოვთ.

დედა ნატალია ჰყვება, რომ როდესაც მისმა შვილმა, არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ერისკაცობაში იოსებ ჯამბაზიშვილი) ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე ააშენა, მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შერაცხული. 

დედა ნატალია: ხატში წმინდა ნაწილია ჩაყოლებული, შიგნით მისივე მირონმდინარე ხატია. აქ დევს მისი შესამოსელი, სარტყელი.

სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.

იკურნებიან დაავადებულები. ბავშვი ვერ მეტყველებდა. წაუკითხეს ეს ლოცვა, პირში უსვამდნენ მამა გაბრიელის ზეთს და მეორე წელს რომ მოვიდნენ, თქვეს, რომ ბავშვი ამეტყველდა. ერთი ვერ დადიოდა. ექიმებს უთქვამთ, ვერ გაივლისო. აქ მოლოცვის შემდეგ კი ბავშვს გაუვლია…

მონაზონი 74 წლის არის. ცისანა ციხელაშვილი, დედა ნატალია, ექვსი წლის წინ, ხარებას გამხდარა. მონაზვნად 2015 წელს სადგერის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში აღიკვეცა და მას შემდეგ, მისი მონახულება, ციხისჯვრის ტაძარში შეგიძლიათ.

მონაზვნის შვილი კი ტაძრის წინამძღვარია. მამა გაბრიელი ტაძარსა და წმინდა ბერის სიწმინდეებზე გვიყვება.

არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი: სიწმინდეები მამა გაბრიელის დამ, ემა დეიდამ და დედა პარასკევამ გადმოგვცეს. მამა გარიელს ორი და ჰყავდა, ემა და ჯულიეტა. ემა დეიდა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.

 ტაძარი თავიდან მამათა მონასტერი იყო და როდესაც აქ აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამობრძანდა, მაშინ იკურთხა დედათა მონასტრად.