სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! "ბატონ ოქრუაშვილს" ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები." - ამის შესახებ 2004 წლის 24 ნოემბერს სამართალდამცველების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში  წერს. 

მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს. ასევე ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების "რეჟისორიც" იქნება მიხედული, კიდევ გაბედა და "აკაცუკების" აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ. მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი." - წერს ია მეტრეველი. 

შეგახსენებთ,  დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განუსაზღვრა. ხოლო საქმეში ბრალდებული იმჟამინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი გაამართლა. 

ცნობისთვის, 2018 წლის 18 დეკემბერს, ბუტა (ამირან) რობაქიძის მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული 5 პირი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ დონაძე, დავით იაშვილი, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა.

საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა მხოლოდ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულს აღიარებდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით და 5000-ლარიანი ჯარიმა.

ასევე ყველას ჩამოერთვა უფლება 2 წლით და მეტით დაიკავონ თანამდებობა საჯარო სექტორში