საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სიძველეთა დეპარტამენტის დირექტორმა, პროფესორმა აბუ დინამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, დოქტორი ემად ჰიჯაზინი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის საკითხებში. მემორანდუმი მნიშვნელოვანი ეტაპია ორ ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.
იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დელეგაცია მოინახულებს სააგენტოს დაფინანსებით შიჰანის ქართულ მონასტერში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელთაც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.








