ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართვის საფუძველზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ქარტიის პრინციპი დაარღვია.
"საუბარია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანის მიერ ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) პრინციპის დარღვევაზე. ამავე საქმის ფარგლებში ასევე დადგინდა შესწორების (მეხუთე) პრინციპის დარღვევა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 27 ოქტომბერს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა და 1 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის პრეზენტაციას ეხებოდა.
ამასთან დაკავშირებით ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია:
„საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ინფორმაცია არ არის გაშუქებული სრულყოფილად. შესაბამისად, საბჭო პირველ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად“.
რაც შეეხება ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას, რომლის თანახმადაც, მედია ვალდებულია, „შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”, აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით ცესკომ ტელეკომპანიას წერილობით მიმართა, თუმცა შესაბამისი შესწორება არ გასულა ეთერში. ამასთან დაკავშირებით ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია:
„დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხემ იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ [მიუთითა წერილობით შეპასუხებაში, რომ შიდა თვითრეგულირების ორგანოში მიიღო საჩივარი]. მიუხედავად ამისა, მან ინფორმაცია არ გაასწორა. განმცხადებლის თქმით, მისი საჩივარი ტელევიზიის თვითრეგულირებამ არ დააკმაყოფილა. სადავო მედიაპროდუქტი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული საქმის განხილვის დღემდე. შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული“.
დეტალური ინფორმაცია ქარტიის გადაწყვეტილების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/96397-gadatsyvetileba-saqmeze-saqarthvelos-centraluri-saarchevno-komisia-vakho-sanaias-tsinaaghmdeg
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცესკოს მიმართ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დადგინდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ შვიდჯერ მიმართა. 5 შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ინფორმაციის სიზუსტის პრინციპები. - ნათქვამია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ბმულები:
https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/88871-2021-07-26-15-45-30