"ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის"  (EUPL)  ფინალში საქართველოდან გამომცემლობა „ინტელექტის“ ავტორი თეა თოფურია გავიდა, რომანით "იაკობის ჭასთან"!

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს გამორჩეული სამწერლო ნიჭის მქონე ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ.

„ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის“ (EUPL) ეროვნული ნომინანტი  წელს პირველად საქართველოს პენ ცენტრმა გამოავლინა. 2025 წლამდე კონკურსს საქართველოში „მწერალთა სახლი“  ატარებდა.

თეა თოფურიას წიგნი, „იაკობის ჭასთან“ ადამიანზე გვიყვება. რომანის ჟანრი მაგიური რეალიზმია.

ავტორი აღწერს პატარა ერის ისტორიას, რომლის დიდი ნაწილი იძულებული გახდა დამპყრობელს გაქცეოდა და გადასახლებულიყო. ამის შემდეგ სიუჟეტი ორ ნაწილად იყოფა, გადასახლებულები, რომლებიც რთულ, მაგრამ ახალ ცხოვრებას იწყებენ და დარჩენილები, რომელთაც, მუდმივი ნოსტალგიისა და ნიჰილიზმის კვალდაკვალ, დამპყრობლებთან თანაცხოვრება უწევთ.

„ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის“ (EUPL)  გამარჯვებულს,  საერთაშორისო ჟიური გამოვლინს მიმდინარე წლის 16 მაისს,  პრაღის წიგნის ბაზრობაზე. 

გამომცემლობა „ინტელექტის“ გუნდი ულოცავს თეა თოფურიას კონკურსის ფინალისტობას და გამარჯვებას უსურვებს მას!