14 დეკემბერს, 17 საათზე, ვაკის მედიათეკაში, საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადულის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

• საუკეთესო პროზაული წიგნი
• საუკეთესო პოეტური წიგნი
• საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
• საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი


გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. 

გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო და 2500 ლარიანი პრემია.


პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.


საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მესამედ იმართება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.


პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა 2021 წელს.


პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.