სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ქუჩაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი და გაზმომარაგების მილები. მიმდინარეობს კაბელ არხების მოწყობაც.
გარდა ამისა, ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, დაწყებულია საგზაო სამუშაოები. კერძოდ, ეწყობა საფუძველი და გარკვეულ მონაკვეთებში დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„გახოკიძის ქუჩაზე, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე სრულად შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები - წლისა და წყალარინების ქსელები, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს სამუშაოები გაზის მილებთან დაკავშირებით. ქუჩის სიგრძე 2.3 კილომეტრია. გზის, დაახლოებით, 700-მეტრიანი მონაკვეთი უკვე მოქცეულია ასფალტის ქვედა ფენებში. გარდა ამისა, მოეწყობა ტროტუარები, ზებრა გადასასვლელები და კუნძულები; დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის შემდეგ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი და ინფრასტრუქტურა ადაპრიტდება შშმ პირთათვის.
გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 20 მლნ ლარს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდნენ.