საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ არ მოხდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით აქციის მონაწილეთა მანქანების გატარება.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, დაკეტილ ქუჩაზე, სადაც ხალხი ფეხით მოძრაობს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა ავტომობილების კოლონის გადაადგილების შეზღუდვა.

„განვუმარტეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, დავეხმარეთ კიდეც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების შეტანაში, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებით. დავუკეტეთ რუსთაველის გამზირი იმისთვის, რომ გაემართათ მშვიდობიანი მსვლელობა, მაგრამ რატომღაც განზრახ მოინდომეს გარკვეული კოლონებით დაკეტილ ქუჩაზე, სადაც ხალხი ფეხით მოძრაობს, დაახლოებით 50-60 მანქანის შემოყვანა, რაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელია. განვუმარტეთ, ავუხსენით ეს და ამას მოჰყვა გარკვეული სახის დაძაბულობა. გაგრძელდა ახლა ფეხით მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რომ შსს-მ გააკეთა განცხადება და კვლავ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და მშვიდ ვითარებაში გამოხატონ თავიანთი პროტესტი.

„პიკეტირება, განსაკუთრებით სტრატეგიული ობიექტების, არის კანონის შესაბამისად დასჯადი და შსს გაატარებს შესაბამის ზომებს თითოეული პირის მიმართ, ვინც დაარღვევს კანონს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.