თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა "აგენტების" კანონი.
„კაცო, რად უნდა ბევრი ლაპარაკი, თქვა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს ქართველი მსმენელისთვის გაუგებარი იყო, სრულიად შეგნებულად ვახსენე კანონის ის სათაური, რომლითაც მას ქართველი მსმენელი იცნობს. ამით არანაირად არ იცვლება ის შინაარსი, რომ კონკრეტულად ეს კანონი, რომელიც არასამთავრობოების კონტროლს გულისხმობს, კანცლერმა მიიჩნია ევროპული ფასეულობებისთვის სრულიად შეუსაბამოდ.
ეს არის კობახიძის ვიზიტის ფიასკო და ამ ფიასკოს რამენაირად "გაპრავებას" ცდილობს ახლა უკიდურესად უსუსურად, - ფაქტი კი ფაქტად რჩება: კანცლერმა კანონი მიიჩნია ევროპული ფასეულობებისადმი შეუსაბამოს, რაც გაუმეორა კიდეც, "იმედის" ჟურნალისტ ქარდავას." – ამის შესახებ ზაალ ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში კომენტარის სახით წერს.
შეგახსენებთ, პრემიერის თქმით, იმედია, გერმანიის კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში - ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსთხოვენ პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე
ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.