ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში და რაც დაადგინა უკვე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ლუქსემბურგში. ამგვარი კანონები ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს, შესაბამისად, ან ირჩევ ამგვარ კანონს, ან ირჩევ ევროკავშირს - ამის შესახებ "ახალი"-ს თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიამ გერმანიის კანცლერის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
"წევრი ქვეყანა იყო უნგრეთი, მას ჰქონდა ეგეთი კანონი მიღებული და ევროკავშირმა დაიწყო მისი გარიცხვის პროცედურა. საქართველო, რომელიც წევრი ქვეყანა არ არის, მას ვინ მიიღებს ევროკავშირში თუ ამგვარი კანონი იქნება?! ცხადია პასუხი. ამიტომ, არჩევანი არის ჩვენზე. ან ვირჩევთ ქართულ ოცნებას და გზას რუსეთისკენ ამ კანონის მეშვებით, ან ვირჩევთ ევროინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, უკეთეს მომავალს, უსაფრთხოებას, ნამდვილ მშვიდობას და არა ქართული ოცნება როგორც აცხადებს, არჩევანი არის ჩვენზე. ამ ხალხს თუ ვტოვებთ თავისი ამგვარი ინიციატივებით, ჩვენ ბედნიერებას ვერ ვიპოვით.
როცა ოლაფ შოლცის გვერდით დგას საქართველოს პრემიერმინისტრი და როგორც ველური, ამბობს რომ დასავლეთი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში და ამ კანონს იღებენ თითქოს იმიტომ, რომ ეს აირიდონ თავიდან, ამაზე უფრო უარესს ვერ იზამს ქართველი საერთაშორისო ასპარეზზე, ვერანაირი ქართველი, ვერანაირ თანამდებობაზე მყოფი" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.