სინამდვილეში, შოლცმა გვითხრა, ჩვენ ნუ გვასწავლით ევროპელობას და ჩვენი სახელით არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებთო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
ხვიჩიას შეფასებით, არ არის სწორი, კორექტული და სასარგებლო, რომ გერმანიის კანცლერს ევროპელობას ასწავლიდე.
„გვითხრეს ის, რომ ევროპაში შესასვლელი გზა ასეთი არ არისო. ეს თან გვითხრეს უმაღლესი ტრიბუნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირმა. მგონი, დასავლეთისგან ქართველი ხალხისთვის ამაზე გასაგებად რამის თქმა წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, არ არის სწორი, არც კორექტული, არც სასარგებლო, რომ გერმანიის კანცლერს ასწავლიდე, რა არის ევროპელობა, რა არის საჭირო ევროპული გზის გასავლელად და იმას, როგორ არის წარმოსადგენი საქართველოს მომავალი ევროპასთან ერთად. ამას ჩვენ რომ ვასწავლიდეთ გერმანიის კანცლერს, უბრალოდ, რაციონალური არ არის არცერთი გაგებით“, – აღნიშნა ხვიჩიამ.