სურსათის ეროვნულ სააგენტოში, პროექტის „ახალგაზრდობის ხმის“ ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლმა მაკა მდინარაძემ პროექტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სურსათის უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის ერთიანი ჯაჭვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, სახელმწიფოს, მწარმოებლის და მომხმარებლის როლზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც როგორც პროექტით გათვალისწინებულ დებატებში, ასევე საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
„პროექტის „ახალგაზრდობის ხმა" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს სამზადისი დებატების ჩემპიონატისთვის. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები კასპის მუნიციპალიტეტიდან და წეროვანიდან. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესახებ სხვა აქტუალურ თემებთან ერთად, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის მიმართულება. ახალგაზრდებს ჰქონდათ შეკითხვები არსებულ სტანდარტებზე, გამოწვევებზე, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა იმისათვის, რომ იყოს დაცული“, - აღნიშნა დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ.
პროექტს „ახალგაზრდობის ხმა“ დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში ახორციელებს.













