ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს.

სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 2013 წლიდან ატარებს. ყოველწლიურად 300 ათასზე მეტი შინაური ცხოველი იცრება. მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია

260 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 320 000 მანიპულაციის ჩატარება იგეგმება.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წლის 28 სექტემბერს დაარსდა და უკავშირდება ლუი პასტერის გარდაცვალების თარიღს, რომელმაც 1885 წელს  ცოფის პირველი ვაქცინა შექმნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მსოფლიოსთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს.

 

წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „ვიმოქმედოთ ახლა“, რაც გულისხმობს მასშტაბური ვაქცინაციის ორგანიზებას, ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის განაწილებას ცოფის სრულად აღმოფხვრაში. როგორც ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველად, 2025 წლის გზავნილი არ შეიცავს სიტყვა „ცოფს“, რაც ადასტურებს, თუ რამდენად ეფექტიანია აღნიშნული კამპანია და მასში ჩართული თითოეული ადამიანი - მე, შენ და საზოგადოება, რომელსაც ვითარების შეცვლა და ცოფის სრულად აღმოფხვრა შეუძლია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს ცხოველებში ცოფის 5 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 1 თბილისში, 1 დედოფლისწყაროში, 1 აბაშაში, 1 მარტვილში (მიკედლებული), 1 გარდაბანში. 2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები  დღეს 96%-მდეა შემცირებული (2013 წელს გამოვლინდა ცოფის 116 შემთხვევა).

საშიში ინფექციური დაავადების სრულად აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანაში დაიწყო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომელიც, საწყის ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველისთვის შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას - სრულად აღმოვფხვრათ ცოფი! 

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.