საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილის სარესტავრაციო სახელოსნოში ტექსტილის კონსერვაციისა და რესტავრაციის სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამა საქართველოს  ეროვნული მუზეუმისა და „Georgian Infusion“-ის თანამშრომლობით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, 26-30 ოქტომბერს, ფრანგი რესტავრატორის ანნა-როუზ ბრინგელის ხელმძღვანელობით, ქსოვილზე პიგმენტური და დეკორატიული ბეჭდვის ტექნიკისადმი მიძღვნილი პრაქტიკული კურსი ტარდება. მასში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართველი რესტავრატორები და კონკურსის წესით შერჩეული მომავალი სპეციალისტები მონაწილეობენ.


სწავლება მოიცავს ისტორიული ტექსტილის კვლევას, კონსერვაციასა და რესტავრაციას, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისთვის პიგმენტური ბეჭდვის მეთოდის გამოყენებასა და ტრადიციული ქართული ორნამენტის თანამედროვე ინტერპრეტაციის  შესაძლებლობებს.


პროგრამა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ისტორიული ტექსტილის კოლექციების შესწავლასა და შენარჩუნებას ემსახურება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მუდმივმოქმედი გამოფენის მომზადება, რომელიც ქართულ ეთნოკულტურას, ეროვნულ სამოსს, ტრადიციულ ტექსტილსა და დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას მიეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ადგილსა და მნიშვნელობას მსოფლიო ხელოვნების, მოდისა და ვიზუალური კულტურის კონტექსტში წარმოაჩენს.