ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. „ვარდისფერი ოქტომბერი“ გვაერთიანებს საერთო გზავნილის გარშემო, რაც გულისხმობს მეტი ინფორმაციას, დროული გამოკვლევას და მხარდაჭერას მათთვის, ვინც დაავადებას ებრძვის. ამ თვეში ვარდისფერი ლენტი მხოლოდ სიმბოლო არ არის, ის გვახსენებს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა გადავდოთ. კამპანიის მიზანია, შიში ინფორმირებულმა გადაწყვეტილებამ შეცვალოს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი არა მხოლოდ ოქტომბრის, არამედ მთელი წლის ჩვევად იქცეს.

თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება, ვის შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით და რა კეთდება სკრინინგ პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენბლის გაზრდისტვის, ამ თემებზე სასაუბროდ "აიპრესი" ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორს, ეთერ კიღურაძეს დავუკავშირდით. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს სკრინინგი და რატომ უნდა ჩაიტაროს ქალმა გამოკვლევა მაშინაც, როცა არაფერი აწუხებს?

ძუძუს კიბო ადრეულ ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სკრინინგის მიზანია, შესაძლო ცვლილებები სწორედ ამ პერიოდში გამოვავლინოთ, სანამ ქალი თავად შეამჩნევს რაიმე ნიშანს. ადრეული გამოვლენა კი, ზრდის წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობას და ხშირად დამზოგველი და წარმატებული მკურნალობის ჩატარების საშუალებასაც გვაძლევს. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილია: ნუ დაელოდებით სიმპტომებს, ასაკის შესაბამისი სკრინინგი ჯანმრთელობაზე რეგულარული ზრუნვის ნაწილი უნდა გახდეს. აქვე გეტყვით, რომ სკრინინგის ჩასატარებლად როდესაც მოდის ქალი, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი მოლოდინი უნდა ქონდეს, უფრო მეტიც, ჩვენთან მოსული ქალების 85%-ზე მეტი სწორედ ჯანმრთელია, საკვლევ დაავადებასთან მიმართებით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სკრინინგი მხოლოდ დაავადების გამოვლენას კი არ ემსახურება, არამედ საშუალებას გვაძლევს, დროულად შევამოწმოთ ჩვენი ჯანმრთელობა და მეტი სიმშვიდით განვაგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება.

 ვის შეუძლია ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო პროგრამით სარგებლობა და რას მოიცავს გამოკვლევა? 

ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა განკუთვნილია 40-დან 70 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე ქალებისთვის და ითვალისწინებს გამოკვლევას ორ წელიწადში ერთხელ, თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, სპეციალისტის შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია ქალი დაბარებული იყოს ვადაზე ადრე. ძირითადი კვლევა მამოგრაფიაა, რომელსაც აფასებს ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ხდება ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა.  პროგრამით სარგებლობის პირობების გასაგებად და ჩასაწერად ქალებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 032 2 20 35 35. 

ქალებს ხშირად აშინებთ დამატებით გამოკვლევაზე დაბარება. ნიშნავს თუ არა ეს კიბოს დიაგნოზს? 

დამატებით გამოკვლევაზე დაბარება კიბოს დიაგნოზს არ ნიშნავს. ზოგჯერ საჭიროა მამოგრაფიულ სურათზე ნანახი ცვლილების დაზუსტება ან ძუძუს ქსოვილის უფრო დეტალურად შეფასება. ასეთი ცვლილებები შესაძლოა კეთილთვისებიანიც იყოს. მნიშვნელოვანია, ქალმა შიშის გამო არ შეწყვიტოს გამოკვლევა და ექიმის მიერ რეკომენდებული კვლევები დროულად ჩაიტაროს. სკრინინგის შემდეგ საჭირო ნაბიჯების ბოლომდე გავლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველ გამოკვლევაზე მისვლა.

როგორ მუშაობს ეროვნული სკრინინგ ცენტრი ქალების ჩართულობის გასაზრდელად და რას ეტყოდით მათ, ვინც გამოკვლევას ჯერ კიდევ გადადებს? 

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქალებს ჰქონდეთ გასაგები ინფორმაცია თუ რატომ არის საჭირო კიბოს სკრინინგი, ვის ეკუთვნის უფასო მომსახურება და როგორ ჩაერთონ პროგრამაში. ამისთვის ვმართავთ საინფორმაციო შეხვედრებს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ვაძლიერებთ ოჯახის ექიმების ჩართულობას. ოჯახის ექიმის რეკომენდაციას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გამოკვლევის გადადება შესაძლო პრობლემას ვერ აგვარებს. პირიქით, შესაძლოა დაგვაკარგვინოს დრო, რომელიც განსაკუთრებით ღირებულია დაავადების ადრეული გამოვლენისა და მკურნალობისთვის.

რამდენად ხელმისაწვდომია ეროვნული სკრინინგ ცენტრის მომსახურება თბილისში და როგორ უზრუნველყოფთ რეგიონებში მცხოვრები ქალების სკრინინგში ჩართვას? 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყოს დაცული და საცხოვრებელი ადგილი ქალებისთვის სკრინინგის ჩატარების დაბრკოლებად არ იქცეს. თბილისში ეროვნული სკრინინგ ცენტრი ოთხ ლოკაციაზეა წარმოდგენილი: დიდუბეში, ვარკეთილში, გლდანსა და საბურთალოზე. ფილიალების ასეთი განაწილება ქალებს საშუალებას აძლევს, მომსახურება მათთვის მოსახერხებელ მისამართზე მიიღონ. რაც შეეხება რეგიონებს, ხელმისაწვდომობის გაზრდას აქ მამომობილი (მანქანა რომელიც აღჭურვილია სამედიცინო აპრატურით, ციფრული მამოგრაფით) და ექიმების მობილური გუნდი უზრუნველყოფს, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩადის და ქალებს საშუალებას აძლევს, ძუძუს კიბოს სკრინინგული გამოკვლევა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჩაიტარონ. ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობა და ვიზიტების შესახებ წინასწარი ინფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალების ჩასართავად, რომლებსაც ცენტრში მისვლა უჭირთ.

აქვე მინდა მივმართო ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ სკრინინგული გამოკვლევის ჩატარებისგან: ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაურკვეველი დროით. „ვარდისფერი ოქტომბერი“ კარგი შეხსენებაა, თუმცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ოქტომბრით არ უნდა შემოიფარგლოს. სკრინინგი მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია და მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი ცხოვრების რეგულარული ნაწილი გახდეს.

გამონახეთ დრო, დაგეგმეთ ვიზიტი და გადადგით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ჯანმრთელობისთვის.