თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 51-ე სესიაში მონაწილეობს. ქართული დელეგაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, უკვე მეორე დღეა მონაწილეობს სესიის, კომიტეტებისა და სხვა სამუშაო ფორმატების შეხვედრებში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
მიუხედავად იმისა, რომ სესიის დღის წესრიგით საქართველოს საკითხის განხილვა გათვალისწინებული არ ყოფილა, ერთ-ერთმა გამომსვლელმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა. პასუხისას ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.
აღნიშნულს ნინო ვარდოსანიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ქართულ დელეგაციას სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდა, თუმცა პროცედურული წესებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
„მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მოთხოვნილი გვქონდა, სხდომის ფორმატიდან გამომდინარე, საკითხზე მსჯელობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. თუმცა, ყველა სხვა შესაძლო ფორმატი გამოვიყენეთ, რათა ჩვენი შეფასებები გაგვეჟღერებინა და საქართველოს პოზიცია დაგვეფიქსირებინა“, -განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
მისივე შეფასებით, პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებები შესაძლოა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად ან მასზე ზეწოლად იქნეს აღქმული, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება.









