ინიციატივის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სხვადასხვა სახეობის 386 ნერგი დარგეს.
აქციაში მონაწილეობდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინათინ ხარძიანი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები.
აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და ყურადღება ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა.
„მნიშვნელოვანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდან გაითავისონ ბუნების დაცვის მნიშვნელობა. საკუთარი ხელით დარგულ ნერგზე ზრუნვა მათ დაეხმარება, უკეთ გააცნობიერონ თავიანთი როლი უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს. ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამისთვის შერჩეულია 12 სახეობის ნერგი, რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
ინიციატივაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პირველკლასელებისთვის აქცია ბუნებასთან ურთიერთობისა და გარემოზე ზრუნვის პრაქტიკულ გამოცდილებად იქცა. მათ მიერ დარგული ნერგები სამტრედიის გამწვანებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.








