ყველაფერი თბილისის აეროპორტიდან დაიწყო, ავიარეისმა ქართველი ჟურნალისტები სტამბოლის აეროპორტში ჩაგვიყვანა,  შიდა რეისით  თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადმოვფრინდით, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ქალაქ იღდირისკენ გავემართეთ.

საოცარი სანახავია თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილი, რომელსაც  ირანი, სომხეთი და სირიის სახელმწიფო ესაზღვრება. 

პირველი ქალაქი რომელიც მოვინახულეთ იღდირია. საღამოს 6 საათია. მეჩეთიდან ნამაზის (ლოცვა) ხმა მთელ ქუჩაში ისმის და ხვდები, რომ მუსლიმურ ქვეყანაში ლოცვის დრო დადგა.

მარილის მღვიმე 

მედია ტური ტუზლუჯას მარილის მღვიმის ნახვით დავიწყეთ. (სახელი „ტუზლუჯა“ მომდინარეობს თურქული სიტყვიდან tuz (მარილი).  

საოცარი სანახავია გვირაბის კედლები, რომელსაც თეთრი და ნაცრისფერი მარილის კრისტალები ხალიჩასავით აკრავს. ტუზლუჯას მარილის გამოქვაბულები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, თურქეთში მნიშვნელოვან ტურისტულ და ფაქტობრივად სამკურნალო დაწესებულებას წარმოადგენს.

მღვიმის შესასვლელთან დგას გემის მაკეტი, რომელიც "ნოეს კიდობას" გვაგონებს.

მღვიმეებში მოწყობილია მიწისქვეშა გალერეა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელსაც ასობით ტურისტი, ასევე ასთმითა და სასუნთქი გზების დაავადების მქონე პაციენტები სტუმრობენ.

შესვლისთანავე ჰაერის ტემპერატურა იცვლება, მღვიმეში არის ასობით ბუნებრივი გვირაბი, რომელიც ოთახს გვაგონებს, სადაც განთავსებულია მერხი სკამები.

ტუზლუჯა იღდირის რაიონში მდებარეობს. რაიონი უძველესი დროიდან ცნობილია თავისი კლდის მარილის მდიდარი საბადოებითა და მაღაროებით.

აქ დღეში დაახლოებით 60 ტონა მარილი მოიპოვება. თუმცა, სრული დატვირთვით მუშაობისას, წარმოებამ შეიძლება დღეში 200 ტონას მიაღწიოს.

როგორც გვითხრეს ტუზლუჯას მარილის მღვიმის ამჟამინდელი მარაგი საკმარისია თურქეთის მარილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, დაახლოებით 100 წლის განმავლობაში.

შემდეგი გაჩერება  - იღდირის ქოჩბაშლის (ვერძისთავიანი) საფლავის ქვების ღია ცის ქვეშ მუზეუმი  

იღდირის ვერძისთავიანი საფლავის ქვების ღია ცის ქვეშ მუზეუმი (თურქ. Karakoyunlu Koçbaşlı Açık Hava Müzesi) მდებარეობს თურქეთის აღმოსავლეთით, იღდირის პროვინციის ქარაქოიუნლუს რაიონში, ქალაქ იღდირის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში.

საფლავის ქვები თარიღდება XIV-XV საუკუნეებით და ეკუთვნის ყარა-ყოიუნლუსა და აყ-ყოიუნლუს(თეთრბატკნიანები) თურქმენულ სახელმწიფოებს.

ცენტრალური აზიის თურქულ კულტურაში ვერძი (თურქ. Koç) ძალაუფლების, ვაჟკაცობის, გმირობისა და ბარაქის სიმბოლო იყო.

ვერძის ფორმის საფლავის ქვებს ძირითადად დგამდნენ იმ ადამიანების საფლავებზე, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი გმირობითა და სიმამაცით, ან იმ ახალგაზრდების ხსოვნისთვის, რომლებიც ნაადრევ ასაკში გარდაიცვალნენ.

ეს ისტორიული ძეგლი წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონის წარსულთან.

Go Türkiye - ს შემდეგი გაჩერება ქალაქი ვანია თავისი ღირსშესანიშნაობებით, რომელსაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. 

ავტორი ირმა მესხია