მასშტაბური მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება.
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რჩება იუსტიციის სამინისტროს უცვლელ პრიორიტეტად, რომლის ფარგლებშიც, ამჟამად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამტრედიაში, თერჯოლაში, შროშაში, ტოლებსა და ხელვაჩაურში, მიმდინარე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად მოინახულა.
დასასრულს უახლოვდება სამტრედიის იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა და ის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე, უახლოეს თვეებში, გაიხსნება ხელვაჩაურის, ხაშურის, შროშისა და თერჯოლის იუსტიციის სახლები.
ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისის მიღება ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეც იქნება ადაპტირებული. ამასთან, მომხმარებელს ქორწინების სპეციალური სივრცეებით სარგებლობაც შეეძლება.
დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებელს 118 იუსტიციის სახლი და 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება.