საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საფრანგეთში ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდით და რამდენიმე პროექტით იყო წარმოდგენილი.
როგორც ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ აღნიშნა, 2026 წლის ანესის ფესტივალი საკმაოდ წარმატებული იყო ქართული ანიმაციისთვის. „წელს ანესის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი.
წარმოდგენილი გვქონდა ანიმაციური პროექტები სამ სექციაში, მათ შორის, ორი კინოცენტრის დაფინანსებით. ამასთან, შავიზღვისპირა ქვეყნების ვორქშოფზე წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების წარმოების კონკურსში გამარჯვებული პროექტი”,- განაცხადა მამუკა ბლიაძემ.
მისი აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ წლევანდელი წლის ანესის ანიმაციის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრად მიწვეული იყო საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელი მარიამ კანდელაკი.
თავად მარიამ კანდელაკის აზრით, ანესის ფესტივალსა და ბაზრობაზე საქართველოს პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან განსაკუთრებით აღნიშნა ის დიდი ინტერესი, რაც საერთაშორისო ინდუსტრიის მხრიდან ქართული ანიმაციის მიმართ იყო გამოხატული.
„ანესის ანიმაციური ფილმების ბაზრობაზე უკვე მეორედ შედგა შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების პრეზენტაცია. საქართველოს წარმოადგენდა ლინა აქულაშვილი თოჯინური ანიმაციური ფილმის პროექტით „ბიჭუნა და კარალიოკის ხე“. ძალიან დიდი ინტერესი იყო საერთაშორისო ინდუსტრიის მხრიდან.
წელს ანესის ბაზრობას ესწრება დაახლოებით 15000 პროფესიონალი ანიმაციის სფეროდან და საქართველოს პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”,- დასძინა საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.
საქართველოს ეროვნულ სტენდს და მონაწილე პროექტებს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი პარტნიორები. როგორც ფრანგი პროდიუსერი კორინ დესტომბე აცხადებს, პირველი შეხება შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციის ვორქშოფთან 2 წლის წინ ჰქონდა. „მენტორებთან ერთად ვმუშაობდით რეჟისორებთან და საინტერესო გამოცდილება მივიღეთ. წელსაც 5 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი მონაწილეები, განსხვავებული კულტურით, ისტორიებით. ახალგაზრდა ანიმატორებს სიამოვნებით გავუწევთ მხარდაჭერას”,- აღნიშნა ფრანგმა პროდიუსერმა.
ფრანგული ინსტიტუტის აუდიოვიზუალური თანამშრომლობის რეგიონალურმა ატაშეს ფლორან სინიფრედის თქმით შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციის ვორკშოფი 2 წლის წინ, ეროვნული კინოცენტრისა და საქანიმას დიდი მხარდაჭერით დაიწყო.
„მიზანი იყო რომ შავი ზღვისპირეთის 5 ქვეყნის სფეროს წარმომადგენლები დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან. მიგვეცა მათთვის საშუალება რომ შეხვედროდნენ საერთაშორისო პროფესიონალებს, განსაკუთრებით ფრანგებს და წარმოეჩინათ საკუთარი იდეები და პროექტები, ეჩვენებინათ საკუთარი იდენტობა მსოფლიოსთვის. მიხარია რომ ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება ფრანგული მხარის მხარდაჭერით”.
MIFA-ს ფარგლებში საქანიმამ წარადგინა სპეციალური პროგრამა „შავი ზღვის ანიმაცია“, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ხუთი სხვადასხვა ქვეყნის (უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო) ხუთ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ პროექტს აერთიანებს. აღნიშნული პროექტები "შავი ზღვის ანიმაციური პროექტების განვითარების ვორქშოფი 2025"-ის გამარჯვებულები არიან და წარმოაჩენენ ახალ ტალანტებსა და რეგიონულ თანამშრომლობას შავი ზღვის ქვეყნებს შორის.








