სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ თბილისის №212 საჯარო სკოლის ინტერიერის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
პროექტის ფარგლებში გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ფოიე, ადმინისტრაციული ოთახები, სველი წერტილები და კიბის უჯრედები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო გათბობის, ელექტრო, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ახალი სისტემა. სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ექიმის ოთახი, სასადილო, მრავალ ფუნქციური სპორტული და სააქტო დარბაზები.
სამუშაოების მე-2 ეტაპზე დაგეგმილია სკოლის ეზოს და ფასადის რეაბილიტაცია; სკოლის აღჭურვა საჭირო ავეჯითა და ინვენტარით.
ჯამში 400 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა. შედეგად სკოლის 120 მოსწავლე და 37 თანამშრომელი სარგებლობს თანამედროვე სასწავლო სივრცეებით.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.