"უკანასკნელი იუნკერი" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ფოთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს.

მე-9 მე-11 კლასის მოსწავლეებმა: მართა ხურცილავამ, ნიკოლოზ ხახნელიძემ, აკაკი ხორავამ, საბა პაიკიძემ, ავთო უბილავამ და ნიკოლოზ წუწუნავამ სცენაზე 1921 წლის სისხლიანი თებერვლის მოვლენები გააცოცხლეს და საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირული გმირები განასახიერეს.

დოკუმენტურ მასალებზე აგებულმა ემოციურმა წარმოდგენამ, მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოდგენა ერთი კვირის განმავლობაში, სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში , სპექტაკლის პარალელურად, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. სკოლის დირექტორის, ლელა კემულარიას განცხადებით, მსგავსი სახის ღონისძიება ბავშვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის უფრო სიღრმისეულად გააზრებაში ეხმარება.

„102 წელი გავიდა, იმ ავბედითი თებერვლის დღეებიდან, რაც წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. 1921 წლის 25 თებერვლის გახსენებით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ ოკუპაცია გრძელდება. სამწუხაროდ, ოკუპაცია არ დასრულებულა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები, მომავალი თაობა, უფრო კარგ საქართველოში იცხოვრებენ და დავიბრუნებთ საქართველოს იმ 20%, რომელიც გულს ასე გვაკლია“- აღნიშნა ლელა კემულარიამ.

თეატრალური წარმოდგენის რეჟისორი, ასევე სცენარის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ზაზა ჭანტურია გახლავთ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, სპექტაკლზე მუშაობა მათთვის ემოციურად დატვირთული იყო.

აკაკი ხორავა: „ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაქსიმალურად შევეცადეთ გადმოგვეცა ის ემოცია, რომელიც განიცადა საქართველომ წარსულში და რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს მუდამ გვემახსოვრება ის ტკივილი, რომელიც განიცადეს იუნკერებმა“.

ნიკოლოზ ხახნელიძე: „სპექტაკლმა კარგად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ისტორიული მოვლენები, მასში მონაწილე გმირები და ზოგადად ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“.

1921 წლის 17 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.