პოლონეთში დასრულდა 28 წლის პაულინა დინკოვსკას მკვლელობისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილი საქართველოს მოქალაქის სააპელაციო პროცესი.
ლოძის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეს, 28 წლის პოლონელი პაულინა დინკოვსკას მკვლელობისთვის ლოძის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 25-წლიანი პატიმრობის შესახებ, უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.
სააპელაციო პროცესი ლოძის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო 2023 წლის 18 აპრილს. საქმე დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ლოძის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გასაჩივრებას ჩვეულებრივი სააპელაციო პროცედურებით არ ექვემდებარება.
მოსამართლის განმარტების თანახმად, „სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მისი მიღებიდან და დასაბუთებიდან 30 დღის ვადაში შეიძლება შეტანილი იქნეს საკასაციო საჩივარი".
44 წლის საქართველოს მოქალაქემ 28 წლის პოლონელი პაულინა დინკოვსკა 2018 წლის 20 ოქტომბერს მოკლა. იგი მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ კიევში დააკავეს პოლონეთის, უკრაინის და საქართველოს ერთობლივი საპოლიციო ჯგუფის წევრებმა. მისი დაკავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია დაჯილდოვდა.
2019 წელს, 28 წლის პოლონელი ქალის მკვლელობის საქმეზე, ლოძის სასამართლომ 42 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქეს მკვლელობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისათვის 1 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 39 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქეს მკვლელობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენებისთვის - 2 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.