პოლონეთის ტერიტორიაზე 20-იდან 21 ოქტომბრის ღამით მომხდარ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მამუკა ხეცურიანის დაკავებისთვის შექმნილი პოლონეთ-უკრაინა-საქართველოს ერთობლივი საპოლიციო ჯგუფის წევრი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშე , საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია დააჯილდოვეს დაკავების ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის ქალაქ ლოძში მოკლული 28 წლის პაულინა დინკოვსკას მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე მამუკა ხეცურიანის ძებნა-დაკავებისთვის შექმნილი უკრაინა-პოლონეთ-საქართველოს პოლიციის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ძებნილი უკრაინის დედაქალაქში დააკავეს.


ამჟამად დაკავებულის პოლონეთში ექსტრადიციის საკითხი განიხილება, - აცხადებს უკრაინის ნაციონალური პოლიციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კრიმინალური პოლიციის უფროსი ვიაჩესლავ აბროსკინი.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის თავმჯდომარის სერგეი კნიაზევის და პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის კომენდანტის პირველი მოადგილის ანჟეი შიმჩიკის სახელით ვიაჩესლავ აბროსკინმა უცხოელ პოლიციელებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საპატიო ჯილდოები გადასცა.

თავის მხრივ, პოლონეთის პოლიციის მეკავშირე ოფიცერმა აგრეთვე გადაუხადა მადლობა უკრაინელ და ქართველ პოლიციელებს მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, ლოძში 28 წლის პაულინა დინკოვსკას მკვლელობის ფაქტზე 2 ქართველი დააკავეს, მესამეზე კი ძებნა გამოცხადდა (ვიდეო)