პოლონეთის ქალაქ ლოძში 20 ოქტომბერს გაუჩინარებული პაულინა დინკოვსკას ცელოფანში გახვეული, დანაწევრებული ცხედარი, მოთავსებული გახსნილ, დიდი ზომის მუქ-ნაცრისფერ ჩანთაში, მდინარე ოლეჩუვკას მახლობლად, იანის გუბურასთან არსებულ პარკში, ლოძიდან კატოვიცესკენ მიმავალი გზიდან ახლოს იპოვეს 25 ოქტომბერს.
პაულინა ვიდეოკამერებმა მასთან ერთად მყოფ მამაკაცთან ერთად 20 ოქტომბერს დილის 9-ის 20 წუთზე დააფიქსირეს ზერომსკის ქუჩაზე, იმ მრავალბინიანი საცხოვრებლის სიახლოვეს, სადაც მშენებლები, მათ შორის საქართველოდან ჩასულები ცხოვრობენ.
პოლიციის ვარაუდით, მკვლელობა სექსუალური მოტივით, აღნიშნულ შენობაში მოხდა და დაახლოებით 18 საათამდე პაულინას ცხედარი იანის გუბურასთან გადაიტანეს. პაულინას კისრის არეში ბასრი იარაღით, სავარაუდოდ დანით, მიყენებული ჭრილობების და სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება. ქალი, რომელმაც ხის ძირში პაულინას გვამი ნახა, ამბობს, რომ ჩანთა გახსნილი იყო.
პოლიციამ კვირას, 27 ოქტომბერს, 41 წლის ქართველი მამაკაცი, აგრეთვე 44 წლის ბელარუსი ქალი, იმ ბინის მეპატრონე, სადაც პოლიციის ვარაუდით პაულინა მოკლეს, დააპატიმრა დანაშაულის შეუტყობინებლობის და ცრუ ჩვენების ბრალდებით. იმავე დღეს პოლიციამ კიდევ ერთი, 38 წლის ქართველი დააკავა. მას ბრალი დანაშაულში თანამონაწილეობაში, კერძოდ, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილის მოსუფთავებაში და ცრუ ჩვენების მიცემაში ედება.
ლოძის პოლიციას მიაჩნია, რომ მკვლელობა ჩაიდინა 39 წლის საქართველოს მოქალაქემ მამუკა ხეცურიანმა, რომელმაც დანაშაულის ჩადენის დღესვე გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და მიიმალა. პაულინას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამუკა ხეცურიანი და მასთან ერთად მცხოვრები სხვა ქართველები ხშირად ეპატიჟებოდნენ ქალებს სასმელზე, ზოგჯერ ისინი პირდაპირ სექსზე საუბარს იწყებდნენ, - წერს Wirtualna Polska იმ ქალის მონათხრობზე დაყრდნობით, რომელიც მუშაობს მაღაზიაში სახლთან ახლოს, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ.
დილით, მაღაზიის გაღებისთანავე მოდიოდნენ, ძირითადად ალკოჰოლიან სასმელებს ყიდულობდნენ და ამის გამო პრობლემები იყო ხოლმე, რადგან იქვე, ქუჩაში სვამდნენ და ბოთლებს ტროტუარზე ტოვებდნენ. რამდენჯერმე პოლიციაში საჩივარი შეიტანეს ამის გამო, - ამბობს დარიუში, ქართველების საცხოვრებლის მახლობლად მდებარე მაღაზიის მოსამსახურე.
ყოველ დილით ისინი ავტობუსით მიჰყავდათ სამუშაოდ. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ისინი ლოძის გარეუბანში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობდნენ. იქიდან საღამოს ბრუნდებოდნენ. დასვენების დღეებში კლუბებს სტუმრობდნენ. ისინი ჩვენ გვდევნიდნენ და სექსს გვთავაზობდნენ, ფულის სანაცვლოდაც კი. "ეს ის ხალხია, რომელიც შემოსავალზე, ალკოჰოლზე და სექსზეა ორიენტირებული. ამავდროულად არიან ძალიან უხეშები, მათ არ ეშინიათ შეაფურთხონ ან დაარტყან ქალს".
აღსანიშნავია, რომ ლოძის პოლიციის მიერ მამუკა ხეცურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილად ცნობის გამოქვეყნებისთანავე პოლონელებმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში მამუკა ხეცურიანის გვერდი მოძებნეს და იქ უამრავი კომენტარი დატოვეს.
ნაწილი კომენტარებისა მათ გუგლ-თარჯიმნის დახმარებით აქვთ ქართულად ნათარგმნი და ამ კომენტარებში სამართლიანობის ზეიმისთვის მამუკა ხეცურიანის დაკავებაში დახმარების შესახებ მოუწოდებენ მკითხველს. მრავლადაა მის გვერდზე ქართველთა მიერ დატოვებული კომენტარებიც. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხეცურიანი, თუ ის ამჟამად საქართველოში იმალება, უნდა მოძებნონ და პოლონეთს გადასცენ გასასამართლებლად.
მამუკა ხეცურიანის გვერდზე დატოვებული კომენტარებით ირკვევა აგრეთვე, რომ პოლონელებმა ფულადი სახსრების შეგროვება დაიწყეს მკვლელის მოძებნა-დაკავების მიზნით. გარდა ამისა ფეისბუქზე გახსნილია ჯგუფი სახელწოდებით: „პაულინა დინკოვსკა - ჩვენ ვიძიებთ პაულინა დინკოვსკას მკვლელობის გარემოებებს".
„აიპრესის" მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, მისი საცხოვრებელი ქუთაისშია, ბუხაიძის მ/რაიონში, თუმცა ფაქტობრივი საცხოვრებლის გრაფაში მითითებულია, რომ იმყოფება უცხოეთში. ფეისბუქ-გვერდზე მისი პოლონეთში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები პირველად 8 ივნისს არის ატვირთული. სავარაუდოდ ის ამ დროიდან იმყოფება იქ. თუმცა უცნობია, იქ პირდაპირ საქართველოდან ჩავიდა, თუ უკრაინიდან ან რომელიმე სხვა ქვეყანიდან.
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.