საყოველთაო ნათლობა შუახევში - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული კიდევ 1 200-ზე მეტი ადამიანი გახდა.

საყოველთაო ნათლობამდე ხიჭაურში საკვირაო წირვა ჩატარდა. დღის ბოლოს კი შიო მე-3-მ ნათლულები დალოცა და სიტყვით მიმართა. 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მე-3-ე ნათლულებს და ნათლიებს სახსოვრად გადასცემს ჯვრებს, რომლებიც დამზადდა საქართველოს ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეოდ.
საყოველთაო ნათლობამდე იყო ქადაგება; პატრიარქმა მიულოცა მათ გაქრისტიანება, ისაუბრა რწმენის ძალასა და მნიშვნელობაზე.
„დღეს აქ, ზემო აჭარაში, მოინათლა 1300-მდე ადამიანი - ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს დღეს მთელი საქართველო.
ნათლობის საიდუმლოება, მოგეხსენებათ, არის საშუალება სულიერი აღორძინებისა, ბოროტებისგან და ეშმაკის ტყვეობისგან განთავისუფლებისა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში.
ნათლობის დროს ხილულად ადამიანი წყლით განიბანება და განიწმინდება სულიწმიდის მადლით.
წყალში ჩასვლით თითქოს ის ქრება, კვდება ამა სოფლისთვის და შემდეგ უკვე ამოდის, კვლავ ცოცხლდება და აღდგება ახალი, ღვთის სათნო ცხოვრებისთვის. დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი საყვარელი აჭარლები კვლავინდებურად განაგრძობენ ქრისტესკენ სვლას.
მთელი ჩვენი ისტორია ამას ადასტურებს, რომ თუ ჩვენ მტკიცედ და შეურყევლად ვიდგებით ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება“, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.