საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარაში იმყოფება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სხალთის ეპარქიაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში იმყოფება, სადაც წირვას აღავლენს.
შიო მესამე ნათლობას ჩაატარებს. პატრიარქი 1200-ზე მეტ ადამიანს მონათლავს.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა არ უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობა, რომელიც ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ეხება, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
აღნიშნული ნათლობის მორიგი თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება.








