სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მსოფლიო პატრიარქს აღსაყდრების საიუბილეო თარიღს ულოცავს, რომლის სრულ ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

"მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოსს,

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს 

და მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ გულითადი მილოცვა და უფალ იესო ქრისტეს სიყვარულით გამსჭვალული კეთილი სურვილები თქვენი ყოვლადუწმინდესობის აღსაყდრების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ოცდათხუთმეტი წლის წინ, ღვთის ნებით, თქვენ იტვირთეთ კონსტანტინოპოლის უძველესი საპატრიარქო საყდრის მწყემსმთავრობის საპატიო, ამავე დროს კი – მეტად საპასუხისმგებლო და მძიმე ჯვარი. 

საუკუნეთა განმავლობაში კონსტანტინოპოლის ეკლესია არაერთი ისტორიული ქარტეხილისა და სულიერი განსაცდელის წინაშე მდგარა. თქვენი საპატრიარქო მსახურებაც მრავალი წინააღმდეგობითა და სირთულით აღსავსე ეპოქაში წარიმართება.

ჩვენ ყოველთვის გვახსოვს საქართველოს ეკლესიისა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისადმი თქვენ მიერ არაერთგზის გამოვლენილი მხარდაჭერა და პატივისცემა.

ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მუდამ ვგრძნობთ თქვენს გულწრფელ თანადგომას. ქართველთა მეხსიერებაში წარუშლელად აღიბეჭდა 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმეს დღეებში გამოგზავნილი წერილი მანუგეშებელი სიტყვებით: „თქვენი ჯვარი დღეს ჩვენი ჯვარიც ხდება“. 

განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ სრულიად საქართველოს ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან თქვენს ღვთივსათნო მეგობრობას, ვითარცა „კეთილ და შვენიერ... დამკვიდრებას ძმათა ერთად“ (ფსალ. 132, 1) უფალ იესო ქრისტეში. მისი დაკრძალვის დღეს თქვენი ჩამობრძანება, ქართველი ერის მწუხარების გაზიარება და სულის სიღრმიდან აღმოთქმული სიტყვები კი მარადჟამს დარჩება ქრისტესმიერი ძმური სიყვარულის მოწმობად, რომელიც „არასადა დავარდების“ (I კორ 13, 8 ). 

დიდად ვაფასებთ ჩემი საპატრიარქო მსახურების პირველივე დღეებიდან თქვენ მიერ გამოვლენილ მხარდაჭერას. მადლიერებითა და სიმხნევით აღმავსო თქვენმა თბილმა სიტყვებმა და დალოცვამ, რაც ჩემთვის ძვირფას ნუგეშად და სულიერ შეწევნად იქცა.

ახლახან საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი იზეიმა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მივიღეთ თქვენი სიყვარულით აღსავსე მილოცვა, რისთვისაც ასევე გულითად მადლობას მოგახსენებთ.

ვსასოებთ მარადიული სიკეთის წყაროს, მხოლოდშობილ ძე ღმერთსა და მის ჭეშმარიტ რწმენას, რომ ამ ტკბილსახსოვარმა სულიერმა მემკვიდრეობამ მომავალშიც შეუწყოს ხელი საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებას მსოფლიო მართლმადიდებლობისა და მშვიდობის საკეთილდღეოდ. 

გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ღვთის შემწეობას, რათა ღირსეულად აღასრულებდეთ თქვენს საპატიო მსახურებას უფლის სადიდებლად, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად და კაცთა შორის სიყვარულის განსამრავლებლად.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულითა და პატივისცემით,

✠ შიო III

⛪️ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

➡️ 22 ოქტომბერი, 2026 წელი